მედიის ცნობით, თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ სავარაუდოდ წარმატებით გამოსცადა
მედიის ცნობით, თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ სავარაუდოდ წარმატებით გამოსცადა

მედიის ინფორმაციით, თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“ სავარაუდოდ წარმატებით გამოსცადა. „როიტერის“ ცნობით, საცდელი რაკეტები შავი ზღვის რეგიონში, ქალაქ სინოპის რაიონში ისროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სისტემის გამოცდის ფარგლებში, სამმა რაკეტამ სამი სამიზნე ობიექტი გაანადგურა.

ბოლო დღეების განმავლობაში, თურქეთმა აღნიშნულ ზონაში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა აკრძალა.

„როიტერი“ წერს, რომ რუსული სისტემის გამოცდამ დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა, თურქეთსა და აშშ-ის შორის დაძაბულობა გაზარდოს. თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვას ვაშინგტონის ღია კრიტიკა მოჰყვა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო რაკეტების გაშვებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

2017 წელს გაფორმებული შეთანხმებით, თურქეთმა პირველი ოთხი სარაკეტო ბატარეის განთავსება გასული წლის ივლისში დაიწყო.