მედიის ცნობით, სომხეთის ავიაციის სამსახურმა „ფლაივან არმენიას“ სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა, ხოლო თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნა
მედიის ცნობით, სომხეთის ავიაციის სამსახურმა „ფლაივან არმენიას“ სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა, ხოლო თურქული საქონლის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნა

სომხეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანია „ფლაივან არმენიას“ სტამბოლის მიმართულებით ჩარტერული ფრენის ნებართვა მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხური ავიაკომპანია ერევანი-სტამბოლი-ერევანი მარშრუტით იფრენს. „ფლაივან არმენიას“ წარმომადგენლების განცხადებით, ავიაკომპანიამ სომხეთის და თურქეთის მთავრობებს ჩარტერული ფრენების ნებართვის მისაღებად რამდენიმე დღის წინ მიმართა და ახლა თურქეთის მთავრობის ნებართვას ელოდება.

16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა განიხილავს თურქული და სომხური ავიახაზების განაცხადებს სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელების შესახებ. მანამდე ანკარამ და ერევანმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განაცხადეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სომხეთმა თურქული საქონლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვა სომხეთში 2020 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. შესაბამისი რეზოლუცია სომხეთის მთავრობამ მიიღო, რომელიც გადაწყვეტილებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩართვით ამართლებდა.