მედიის ცნობით, სასამართლო რეფორმის შეჩერების შესახებ მოწოდების გამო, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა
მედიის ცნობით, სასამართლო რეფორმის შეჩერების შესახებ მოწოდების გამო, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა

სასამართლო რეფორმის შეჩერების შესახებ მოწოდების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, გაურკვეველია, შესთავაზებენ თუ არა რომელიმე სხვა თანამდებობას იოავ გალანტს, მაგრამ ის მაინც დარჩება ქნესეთის დეპუტატად. იოავ გალანტის სავარაუდო შემცვლელად ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავი დიხტერი განიხილება.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება ყოველთვის იყო და დარჩება მისი ცხოვრების მისიად.

ისრაელის ოპოზიციის ლიდერის, იაირ ლაპიდის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის გათავისუფლება ადასტურებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელისთვის „საშიშია“. გავრცელებული ცნობით, ნეთანიაჰუმ გალანტის სამსახურიდან გათავისუფლება ისრაელის თავდაცვის ძალებში რეზერვისტების წინააღმდეგობრივ პოზიციაზე სუსტი რეაგირების გამო გადაწყვიტა. როგორც მედია წერს, სულ უფრო და უფრო მეტი რეზერვისტი, მათ შორის წამყვან ქვედანაყოფებში, აცხადებს, რომ ისინი ვერ შეძლებენ არადემოკრატიულ ისრაელში სამსახურს.