მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურის პერსონალის ნაკლებობის გამო, ვისკონსინში დაგეგმილი ტრამპის ამომრჩევლებთან შეხვედრა უფრო პატარა, დახურულ არენაზე გაიმართება
საიდუმლო სამსახურის პერსონალის ნაკლებობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ტრამპის საარჩევნო შტაბმა ვისკონსინში მხარდამჭერებთან შეხვედრის ადგილი შეცვალა, – ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს.
ტრამპის შტაბმა უარი თქვა ვისკონსინში, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ მას არ ჰყავდა საკმარისი პერსონალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მხარდამჭერებთან შეხვედრა აეროპორტში, ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ტრამპი სიტყვით გამოვა უფრო პატარა, დახურულ არენაზე.
საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ პერსონალის ნაკლებობა გამოწვეული იყო ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური შეხვედრის გამო, რადგან საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია უცხო ქვეყნების ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მათი აშშ-ში ყოფნისას.
„ჩვენი პერსონალი და აღჭურვილობა ზღვარზეა მიყვანილი ამჟამინდელი ტემპის შესანარჩუნებლად. ვისკონსინში დაგეგმილი ღონისძიება ემთხვეოდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიას, სადაც საიდუმლო სამსახური პასუხისმგებელია 140-ზე მეტი მსოფლიო ლიდერის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა საიდუმლო სამსახურის ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
უცხოელი ლიდერების დაცვის გარდა, საიდუმლო სამსახურს ევალება პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი ოჯახის, ასევე ყველა ყოფილი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, მათი ოჯახების, პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამჟამად საიდუმლო სამსახური სრულ განაკვეთზე იცავს დაახლოებით 36 პირს.
სააგენტოს ხელმძღვანელებმა კონგრესს მოუწოდეს, უზრუნველყოს მეტი დაფინანსება და რესურსები, რათა დაეხმაროს სამსახურს უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში. კონგრესმა ამ კვირაში დაამტკიცა პაკეტი, რომელიც მოიცავდა 231 მილიონ დოლარს.