მედიის ცნობით, საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატომური წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე მფრინავ დრონებს ცეცხლი გაუხსნეს
საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ატომური წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე მფრინავ დრონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ „ლე მონდე“ წერს.
ჟანდარმერიის ცნობით, გუშინ საღამოს საფრანგეთის დასავლეთით, ბრეტანის რეგიონში, ილ ლონგის ატომური წყალქვეშა ნავების ბაზის თავზე ხუთი დრონი აღმოაჩინეს.
როგორც გამოცემა წერს, უცნობია, მოხერხდა თუ არა რომელიმე დრონის ჩამოგდება. ფრანგული მედიის ცნობით, ამ ტერიტორიაზე დრონები გასულ თვეშიც დააფიქსირეს, თუმცა არა უშუალოდ ბაზის თავზე.
მედია ასევე იუწყება, რომ ეს სტრატეგიული სამხედრო ობიექტია, სადაც განთავსებულია ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები. ამ ტერიტორიაზე დრონების ფრენა აკრძალულია.