მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა
მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა

რუსულმა ხომალდმა შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ადგილობრივი დროით 6:40 საათზე მოხდა.

მედიის ცნობით, შავი ზღვის ფლოტის რუსულმა ხომალდმა, „ვასილი ბიკოვმა“, რომელიც ზღვაში პატრულირებდა, ოდესის ოლქის პორტ იზმაილისკენ მოძრავ „სუქრუ ოქანის“ ხომალდს შემოწმებისთვის გაჩერება მოსთხოვა, რაც კაპიტანმა არ გაითვალისწინა, შედეგად, რუსულმა ხომალდმა ცეცხლი გახსნა.

გამაფრთხილებელი ცეცხლის შემდეგ რუსი სამხედროები სატვირთო ხომალდზე ვერტმფრენიდან დაეშვნენ, გემი შეამოწმეს და პორტისკენ სვლის ნება დართეს.

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ 17 ივლისს გავიდა და განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში მოძრავ გემებს, რომლებიც უკრაინული პორტებისკენ მიემართებიან, სამხედრო დანიშნულების მქონე ტვირთის პოტენციურ გადამზიდავებად განიხილავენ.