მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა „ფორტუნამ“ დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა განაახლა
მედიის ცნობით, რუსულმა ხომალდმა „ფორტუნამ“ დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა განაახლა

რუსულმა ხომალდმა „ფორტუნამ“ დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა განაახლა,- ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. 2019 წლის დეკემბერში ვაშინგტონმა დააწესა სანქციები გაზსადენზე, რის შედეგადაც შვეიცარიული კომპანია „ალსეასი“ იძულებული გახდა, მილების ჩალაგება შეეწყვიტა. ამის შემდეგ, ბალტიის ზღვაში მილების ჩალაგება მოსკოვმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

ამასთან, იანვარში აშშ-მა გააფართოვა სანქციები მილსადენის მიმართ, რაც მოიცავს ტესტირების, შემოწმების და სერტიფიკაციის მომსახურებებს, აგრეთვე გემების მომსახურებებსა და საშუალებებს. ამის შემდეგ ნორვეგიულმა კომპანიამ „დიენვი გიელმა“ (DNV GL) გამოაცხადა, რომ აჩერებს გაზსადენის შემოწმებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას და ვერ შეძლებს მის სერტიფიცირებას.

19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა გემ „ფორტუნასა“ და მისი მფლობელის, კომპანია „კავეტე-რუს“-ის წინააღმდეგ. დანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენების ჩალაგება 120 კილომეტრზე, გერმანიაში კი 28 კილომეტრზეა დარჩენილი.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის გავლით ითვალისწინებს. პროექტის მოცულობა წლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრია.