მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, მათ შორის დაიბომბა დედაქალაქი კიევი, არიან დაშავებულები, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა მიკოლაევში
მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, მათ შორის დაიბომბა დედაქალაქი კიევი, არიან დაშავებულები, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა მიკოლაევში

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა – დაიბომბა ქვეყნის დედაქალაქი კიევი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში 18-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რუსეთის საოკუპაციო ძლების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მიკოლაევში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონაში თავდასხმა რაკეტებით და უპილოტო აპარატებით მოხდა. დაბომბვის შედეგად 20-მდე სახლი დაზიანდა, ასევე  ხანძარი გაჩნდა გაზსადენზე.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო თავდასხმის დროს დაიბომბა ლვოვის რეგიონი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა იერიში მიიტანა ქვეყნის ექვს რეგიონზე. უკრაინის არმიის მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსეთმა თავდასხმის დროს უპილოტო თვითმფრინავები, საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები და „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტები გამოიყენა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 29 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო აპარატი ჩამოაგდო.