მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი
მედიის ცნობით, რუსეთმა ოდესის პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი

რუსეთი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს უკრაინის ქალაქ ოდესის პორტს, დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უკრაინის ქალაქ ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ოდესის პორტი, ორი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა პორტის ადმინისტრაციულ შენობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნისას ცეცხლი გაუჩნდა პორტის ორ ტერმინალს, თუმცა ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ერთ-ერთი პორტის მარცვლეულის ტერმინალზე თავდასხმის საშუალება არ მისცეს მტერს. სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება, რომელიც გასულ ზაფხულს დაიდო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის.