მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები პრაღის მერისა და ადგილობრივი მაღალჩინოსნის მოწამვლას გეგმავდნენ
რუსეთის სპეცსამსახურები პრაღის მერისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მაღალჩინოსნის მოწამვლას გეგმავდნენ, – აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხური ყოველკვირეული გამოცემა „რესპექტი“ ავრცელებს. ამასთან, როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიურო წერს, პრაღის მერი ზდენეკ ჰრიბი ადასტურებს, რომ პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
კერძოდ, ჩეხური მედიის ინფორმაციით, ტოქსიკური ნივთიერების გამოყენებით თავდასხმა იგეგმებოდა ჩეხეთის დედაქალაქის მერზე და ასევე პრაღის მეექვსე რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ონდრჟეი კოლარზე. არსებული ცნობებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა გააფრთხილა რუსეთის ელჩი, რომ თუ ჩეხ პოლიტიკოსებს რამე დაემართებათ, ამას შედეგები მოჰყვება.
როგორც გამოცემა „რესპექტი“ წერს, ოპერაციის მონაწილე რუსეთის დაზვერვის ოფიცერი პრაღაში სამი კვირის წინ დიპლომატიური პასპორტით ჩავიდა და ძლიერი ბიოტოქსინი რიცინი ჩაიტანა.
გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ყალბ ახალ ამბავს უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ პრაღის მერის, ზდენეკ ჰრიბის მთავრობის განკარგულებით, ჩეხეთის დედაქალაქში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა. ონდრჟეი კოლარი კი, პრაღის იმ რაიონს ხელმძღვანელობს, სადაც საბჭოთა მარშალის, ივანე კონევის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.