მედიის ცნობით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი და სასჯელისთვის თავის არიდების მსურველი პირების მიმართ მკაცრ შემზღუდავ ზომებს ითვალისწინებს

15:47, 22.07.2026

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი და სასჯელისთვის თავის არიდების მსურველი პირების მიმართ მკაცრ შემზღუდავ ზომებს ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ახალი ინიციატივა დუმის იმ კომისიას ეკუთვნის, რომელიც რუსეთის საშინაო საქმეებში უცხო სახელმწიფოების სავარაუდო ჩარევის ფაქტებს იძიებს. განმარტებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები მოსკოვის მიერ „არამეგობრულად“ კლასიფიცირებული ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მოტივით ექსტრადიციაზე უარის თქმის შემთხვევების ზრდას უკავშირდება და მიზნად ისახავს სასჯელების აღსრულების წესის დახვეწას.

დოკუმენტში მოყვანილია რუსეთის გენერალური პროკურატურის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს, 11 თვეში უცხო ქვეყნებმა მოსკოვს 109 პირის გადაცემაზე უთხრეს უარი, ხოლო 2024 წელს ექსტრადიციის 102 მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

რუსული მხარის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი ძებნილები აქტიურად არიან ჩართული „ანტირუსულ საქმიანობაში“.

მედიის ცნობით, ახალი კანონი დროებითი შემზღუდავი ზომების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის საბანკო ანგარიშებისა და სხვა ქონების გაყინვას, უძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციის შეჩერებას, ინდივიდუალურ მეწარმედ ან თვითდასაქმებულად რეგისტრაციის აკრძალვას, მართვის მოწმობის გამოყენების შეჩერებასა და ზოგიერთი სახელმწიფო მომსახურების შეზღუდვას.

შემზღუდავი ზომების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დადასტურდება, რომ პირი დამნაშავედაა ცნობილი, თავს არიდებს სასჯელის აღსრულებას და რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, „აღნიშნული ცვლილებები დამატებით პირობებს შექმნის სასჯელის გარდაუვალობის პრინციპისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად“.

მსგავსი