მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან

15:50, 02.09.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვთან სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადებიან. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გრუშკომ აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ნათქვამსა და ქმედებებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ საქმე რუსეთთან ომისთვის მზადებას ეხება.

ალექსანდრ გრუშკომ არქტიკაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი დაიწყო, მაგრამ სამხედრო უპირატესობის მიღწევას ვერასდროს შეძლებს.

„დღეს ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არქტიკის რეგიონი გეოპოლიტიკური კონკურენციის ზონად გამოაცხადეს. ცოტა ხნის წინ, რატომღაც, ისინი ამის შესახებ არანაირ განცხადებას არ აკეთებდნენ, მაგრამ ახლა მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ ეს გეოპოლიტიკური კონკურენციის ზონაა და კონკურენტუნარიანობისთვის დასავლეთს სამხედრო უპირატესობის მიღწევა სჭირდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, დანიამ ახალი გაფართოებული გაწვევის პროგრამის ფარგლებში ახალწვეულები გრენლანდიაში გაგზავნა. როგორც მედია წერს, სამეფოს მიზანია, ჯარისკაცებმა წვრთნები ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან და რთულ რეგიონში გაიარონ.

მსგავსი