მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია ლიდერობს
მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია ლიდერობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანია ლიდერობს. ამის შესახებ „იტარ ტასი“ იუწყება.

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიას ხმათა 56,5 პროცენტი აქვს მიღებული. ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბა​მ კი 35,42 პროცენტი მოაგროვა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა 95 ათასმა ადამიანმა მიიღო. როგორც რუსული მედია იუწყება, არძინბა გვიან ღამით ასლან ბჟანიას შტაბში მივიდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. რუსული მედიის ცნობითვე, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ბჟანიას უკვე მიულოცა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ვალერი ბრანბამ.

როგორც რუსული მედია იუწყება, ე.წ. ინაუგურაცია ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების დასახელების შემდეგ იმართება.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან 13 იანვარს ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. მას შემდეგ რაც, 10 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.