მედიის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს
მედიის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრა სცადა. შენობას სამართალდამცველების დამატებითი ძალები იცავენ.

როგორც გამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, აქციის მონაწილეებს შორის მყოფი დეპუტატები დავით სანაკოევი და ზაზა დრიაევი მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ შეიკრიბა. დემონსტრანტები დამნაშავეების დასჯასა და ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ. „ეხო კავკაზას“ ცნობით, მომიტინგეთა ნაწილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადადგომასაც ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ე.წ. შს მინისტრზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ინალ ჯაბიევი, რასაც ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით ასევე დააკავეს ნიკოლაი ცხოვრებოვი, რომელიც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ომბუდსმენის ცნობით, ასევე ნაცემია.

როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაცემია კიდევ ერთი დაკავებული გენადი კულაევი.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. დაკავებულია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი.