ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი ასევე ნაცემია
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი ასევე ნაცემია

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ომბუდსმენი ინალ ტასოევი აცხადებს, რომ ინალ ჯაბიევთან ერთად დაკავებული ნიკოლაი ცხოვრებოვი ასევე ნაცემია. ის საავადმყოფოშია მოთავსებული. ე.წ. ომბუდსმენის თქმით, ცხოვრებოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მის მიმართ განხორციელებული წამების მეთოდებზე მოუყვა.

„28 აგვისტოს ჩვენს რესპუბლიკაში ტრაგედია მოხდა, რომელმაც გვაჩვენა, რა შედეგები შეიძლება დადგეს, თუ ადამიანის უფლებები სათანადოდ დაცული არ არის. ჩვენი თანამემამულე ინალ ჯაბიევი გარდაიცვალა წინასწარი გამოძიების დროს მის მიმართ დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების შედეგად. ანალოგიური მეთოდები გამოყენებულ იქნა ნიკოლაი ცხოვრებოვის მიმართ, რომელიც მე მრავალპროფილურ რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრში მოვინახულე. ის მოგვიყვა დაკითხვის მეთოდების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოში კვალიფიცირდება, როგორც წამება. ეს არის ხელკეტების დარტყმა, თავზე პარკის ჩამოცმა და სხვა“, – განაცხადა ტასოევმა.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა ე.წ. შს მინისტრზე თავდასხმის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ინალ ჯაბიევი, რასაც ოკუპირებულ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ნიკოლაი ცხოვრებოვი ასევე მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაცემია კიდევ ერთი დაკავებული გენადი კულაევი.

ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. დაკავებულია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდი თანამშრომელი.