მედიის ცნობით, ოდესაში დააკავეს უკრაინელი ბიზნესმენის შვილი რომან გრინკევიჩი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფიგურანტია
მედიის ცნობით, ოდესაში დააკავეს უკრაინელი ბიზნესმენის შვილი რომან გრინკევიჩი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფიგურანტია

ოდესაში საზღვარგარეთ გასვლის მცდელობისას დააკავეს უკრაინელი ბიზნესმენის შვილი რომან გრინკევიჩი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით აღძრული საქმის ფიგურანტია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავად დაკავებულის მამა, ლვოველი ბიზნესმენი იგორ გრინკევიჩი გასული წლის დეკემბერში დააკავეს აღნიშნული საქმის ფარგლებში. მას ბრალი ედება შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი თანხების მასშტაბურ მიტაცებაში.

უკრაინის გენერალურ პროკურორს, ანდრეი კოსტინს ბრიფინგზე რომან გრინკევიჩის სახელი არ გაუსაჯაროებია, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ დაკავებული სწორედ ის არის. რამდენიმე დღის წინ მასზე ძებნა გამოცხადდა.

„მსურს, გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლე. ყველას ახსოვს რეზონანსული საქმე, რომელშიც ლვოველი ბიზნესმენი და მისი თანამოაზრეები არიან ეჭვმიტანილები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ერთი მილიარდი გრივნის ღირებულების უხარისხო ტანსაცმლის მიწოდებაში. ოთხი ფიგურანტი ახლა პატიმრობაშია, მეხუთე დღეს, დილით დააკავეს ოდესაში სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას. მეხუთეზე ძებნა იყო გამოცხადებული“, – განაცხადა ანდრეი კოსტინმა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აღნიშნავენ, რომ გრინკევიჩი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში ცდილობდა მიმალვას. გამოძიების ბიურო ასევე მისი დაკავების ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს.