მედიის ცნობით, ნიდერლანდებში ახალი წლის ღამეს პოლიციამ 250-მდე ადამიანი დააკავა
მედიის ცნობით, ნიდერლანდებში ახალი წლის ღამეს პოლიციამ 250-მდე ადამიანი დააკავა

ნიდერლანდებში ახალი წლის ღამეს პოლიციამ 250-მდე ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიციის თქმით, ახალი წლის ღამე გამოირჩეოდა არეულობებით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებზე მიზანმიმართული თავდასხმებითა და ხანძრებით.

ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა, ფორტ ვან ოსტენმა განაცხადა, რომ პოლიციას, მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავს დაესხნენ.

„მხოლოდ ამსტერდამში პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის 52 ადამიანი დააკავა. სასწრაფო დახმარების მანქანებმა 275-ჯერ, ხოლო სახანძრო სამსახურმა 300-ზე მეტჯერ იმოქმედეს, რაც გასულ წელთან შედარებით მკვეთრი ზრდაა“, – ნათქვამია ქალაქის, პოლიციისა და პროკურატურის ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეხანძრეები თითქმის 4 300-ჯერ გამოიძახეს, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით მეტია და წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დიდმა საავადმყოფოებმა, განსაკუთრებით ჰააგასა და ეინდჰოვენში, დააფიქსირეს პიროტექნიკასთან დაკავშირებული დაზიანებების მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენობა.

ამასთან, ახალი წლის ღამეს ამსტერდამის ცენტრში ხანძარმა ისტორიული ვონდელკერკის ეკლესია თითქმის მთლიანად გაანადგურა.