მედიის ცნობით, მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი უკრაინული წარმოშობისაა და მონაკოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფება, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გაიცა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მონაკოში მომხდარი აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი უკრაინული წარმოშობის ქალია.
მონაკოს პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ამჟამად მონაკოს ტერიტორიაზე აღარ იმყოფება. მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი უკვე გაიცა, ასევე იგეგმება ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნის გამოცხადებაც.
გამოძიების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს პირი, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში ზურგჩანთა დატოვა. რამდენიმე წუთში, როდესაც შენობაში სამი ადამიანი შევიდა, ძლიერი აფეთქება მოხდა.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ხელისუფლების განცხადებით, შემთხვევა ტერორისტულ თავდასხმად არ განიხილება.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი იყო, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს იყო ქალი იყო, რომელიც საკუთარი ვინაობის დამალვას ცდილობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინული წარმოშობის ქალია. აფეთქების შემდეგ ეჭვმიტანილი საფრანგეთის საზღვრის მიმართულებით გაიქცა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია უკრაინელი ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი.