მედიის ცნობით, მილანში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
მილანში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მედიის ცნობით, დუომოს მოედანზე დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, პოლიციამ მათ წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მეტროს ცენტრალური სადგური „დუომო” უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე საათით დაიკეტა.
შეტაკებების დროს მილანში, სულ მცირე, ოთხი პოლიციელი და 20 დემონსტრანტი დაშავდა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. დაკავებულთა ნახევარი არასრულწლოვანია.
პოლიციის ცნობით, ახალგაზრდები გარეუბნებიდან და სხვა პროვინციებიდან ჩამოვიდნენ და ძირითად აქციას თვითორგანიზებულად შეუერთდნენ.
დაპირისპირება სხვა ქალაქებშიც მოხდა. ბოლონიაში აქციამ ძალადობრივი სახე მიიღო. რკინიგზის სადგურთან დემონსტრანტთა ჯგუფი აქციას გამოეყო და პოლიციას ბოთლები და ქვები ესროლა. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქ შვიდი ადამიანი დააკავეს.
აქციები მიმდინარეობდა ტურინსა და ბერგამოშიც. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ხარჯების ზრდას აპროტესტებენ.