მედიის ცნობით, ლიბანში ისრაელის ავიაიერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

13:58, 26.05.2026

ლიბანში ისრაელის ავიაიერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ლიბანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დარტყმა გვიან ღამით აღმოსავლეთ ლიბანში, ბექაას ხეობაში მდებარე სოფელზე განხორციელდა. როგორც მედია იუწყება, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ლიბანში დამატებითი ბატალიონის გადაყვანის შესახებ განაცხადა.

მედია ასევე იტყობინება, რომ თავდასხმების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში შესაძლო დარტყმების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და ქალაქ ნაბათიეს მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

„უსაფრთხოების გამო დაუყოვნებლივ უნდა დატოვოთ თქვენი სახლები და გადაადგილდეთ მდინარე ზაჰრანის ჩრდილოეთით“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.

განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა.

„ჰეზბოლა“ სამხრეთ ლიბანშია ბაზირებული.

მსგავსი