მედიის ცნობით, კრემლმა ოფიციალურ პირებს, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არიან ჩართული ან რაიმე ფორმით იღებენ მონაწილეობას, მოუწოდა, აღარ ისარგებლონ „ეფლის“ ტელეფონებით
მედიის ცნობით, კრემლმა ოფიციალურ პირებს, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არიან ჩართული ან რაიმე ფორმით იღებენ მონაწილეობას, მოუწოდა, აღარ ისარგებლონ „ეფლის“ ტელეფონებით

კრემლმა ოფიციალურ პირებს, რომლებიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არიან ჩართულები ან რაიმე ფორმით იღებენ მონაწილეობას, მოუწოდა, აღარ ისარგებლონ კომპანია „ეფლის“ ტელეფონებით. მოსკოვში ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებენ. კრემლში მიიჩნევენ, რომ ამ მოწყობილობებზე დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს აქვთ წვდომა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ „კომერსანტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციის შესახებ კრემლის მიერ ორგანიზებულ სემინარზე გახდა ცნობილი, რომელსაც სერგეი კირილენკო ატარებდა. გავრცელებული ცნობით, კირილენკომ ოფიციალურ პირებს მოუწოდა, პირველი აპრილიდან აღარ გამოიყენონ აიფონები.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, მაღალჩინოსნებს მოუწოდეს, ან გადაყარონ აიფონები, ან ბავშვებს მისცენ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს. დიმიტრი პესკოვის თქმით, ის ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„სმარტფონები არ უნდა გამოიყენებოდეს ოფიციალურ და საქმიან გარემოში. ნებისმიერი ტიპის სმარტფონს აქვს საკმაოდ გამჭვირვალე მექანიზმი, არ აქვს მნიშვნელობა, ანდროიდი იქნება ეს თუ აიოსი“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი „ეფლში“ არ გაკეთებულა.

„როიტერი“ წერს, რომ პუტინს სმარტფონი არ აქვს. პესკოვის განცხადებით, ის პერიოდულად იყენებს ინტერნეტს.