მედიის ცნობით, ხერსონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ანტონოვსკის ხიდზე რამდენიმე მონაკვეთი ჩაინგრა
რუსული და უკრაინული მედია ხერსონის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე მონაკვეთის ჩანგრევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, ხიდი სავარაუდოდ ოკუპანტებმა ააფეთქეს, როდესაც ხერსონს ტოვებდნენ.
რუსული გამოცემის „კომსომოლსკაია პრავდას“ სამხედრო კორესპონდენტი ალექსანდრ კოცის ინფორმაციით, დანგრეულია ხიდის ორი მონაკვეთი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ხიდი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს, როდესაც დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიოდნენ.
მედიაში ასევე ვრცელდება ანტონოვსკის ხიდის ფოტოები და ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ხიდის დაზიანება მასშტაბურია.
ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ხერსონის დატოვებამდე რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს ინფრასტრუქტურა, კერძოდ ენერგეტიკული ობიექტები, ტელეანძა, წყალკანალი და სხვა.
ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ 9 ნოემბერს გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ალაქ ხერსონიდან ძალების გაყვანა 11 ნოემბერს, 05:00 საათისთვის დასრულდა.