მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ღაზაში მიმდინარე კონფლიქტისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ლიდერები უხელმძღვანელებენ თურქეთ-ირანის ბიზნესსაბჭოსაც და, შესაძლოა, ხელი მოაწერონ გარკვეულ შეთანხმებებსაც.

„შეხვედრების დროს, ორმხრივი კავშირების გარდა, მხარეები გაცვლიან აზრებს მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. კერძოდ, ღაზასა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის თავდასხმებზე“, – განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

როგორც მედია წერს, იბრაჰიმ რაისი თურქეთში თავდაპირველად ნოემბერში უნდა ჩასულიყო, თუმცა მან ირანში განვითარებული მოვლენებისა და გარკვეული პრობლემების გამო ვიზიტი ორჯერ გადადო.