მედიის ცნობით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებით, ხელისუფლება ადამიანების გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. მან დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა და მათი ოჯახების წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვიპოვოთ და გადავარჩინოთ“, – განაცხადა ტაკაიჩიმ.
მედიის ცნობით, მიწისძვრიდან ერთი დღის შემდეგაც ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა და ზოგიერთი აეროპორტის მუშაობა კვლავ შეჩერებულია.
ამასთან, „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, 9 000-ზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება და თავშესაფრებში გადასვლა მოუწია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 37 ათასამდე ოჯახი, 9 000-ზე მეტ ოჯახს გაზი არ მიეწოდება, ზოგიერთ რაიონში კი საკომუნიკაციო ქსელები არ მუშაობს.
ცნობისთვის, იაპონიაში, კუმამოტოს პრეფექტურაში მიწისძვრა 28 ივლისს მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.