მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ომის გამო საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო

23:43, 13.10.2023

ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო საუდის არაბეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები შეფერხდება, თუმცა ეს უკვე ისედაც ნათელი იყო, რადგან აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ აღიარეს, რომ „ჰამასის“ შეტევამ ჩაშალა ნორმალიზაციის მცდელობა.

ისრაელის მედია წერს, რომ „ჰამასის“ თავდასხმის ერთ-ერთი მიზანი ნორმალიზაციის მცდელობის დაბლოკვა იყო.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისთან საუბარი მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართა.

მსგავსი