გერმანიაში რკინიგზის თანამშრომლები დღეიდან გაფიცვას იწყებენ
გერმანიაში რკინიგზის თანამშრომლები დღეიდან გაფიცვას იწყებენ

გერმანიის რკინიგზის მემანქანეები 12 მარტს ისევ გაიფიცებიან. როგორც პროფკავშირებში განაცხადეს, მემანქანეები სამსახურში 24 საათის განმავლობაში არ გამოცხადდებიან.

ამასთან, როგორც გაფიცვის მონაწილეები განმარტავენ, სატრანსპორტო მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა 11 მარტს საღამოს დაიწყება, 12 მარტს ღამის ორ საათზე კი მათ სამგზავრო მატარებლების მემანქანეები შეუერთდებიან.

პროფკავშირებში განაცხადეს, რომ გაფიცვა გარდაუვალია, რადგანაც გერმანიის რკინიგზის ხელმძღვანელობას მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით 19 იანვრიდან ახალი წინადადებები არ წარმოუდგენია.

ბოლო ოთხ თვეში გერმანელი მემანქანეები უკვე მეექვსედ იფიცებიან. ბოლო გაფიცვა სამი დღის წინ იყო. პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა ცვლებში მომუშავე მემანქანებიის სამუშაო დროის კვირაში 38-საათიდან 35 საათამდე შემცირებაა, ისე, რომ მათი ხელფასი არ შემცირდეს. ამას გარდა, მემანქანეები ხელმძღვანელობისგან ხელფასის 15%-ით, დაახლოებით 555 ევროთი გაზრდას და ქვეყანაში ინფლაციის გამო კომპენსაციის სახით 3 000 ევროს გადახდას ითხოვენ. 35-საათიანი სამუშაო კვირის შესახებ მოთხოვნა გერმანიის რკინიგზის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია. მენეჯერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ისედაც არის გამოცდილი მემანქანეების დანაკლისი და სამუშაო საათების შემცირების შემთხვევაში ეს დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.