მედიის ცნობით, ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს

12:58, 24.11.2023

ერაყსა და სირიაში განთავსებულ ამერიკულ ძალებს გასული დღის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამერიკული ბაზების წინააღმდეგ რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს.

მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამური წინააღმდეგობის“ ძალებმა აიღეს.

აშშ-სა და საერთაშორისო ძალებს თავს დაესხნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ორ ადგილას. სარაკეტო და უპილოტო აპარატებით თავდასხმა ასევე განხორციელდა ერაყში, ბაღდადის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზასა და ერბილის აეროპორტის მახლობლად განლაგებულ ბაზაზე.

თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა დაბომბა ირანთან დაკავშირებული „კატაებ ჰეზბოლას“ შეიარაღებულ ჯგუფი ბაღდადის სამხრეთით, რასაც დაჯგუფების რვა წევრი ემსხვერპლა.

მსგავსი