მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენი თურქეთს დამატებით 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენი თურქეთს დამატებით 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მონახულების შემდეგ, ქვეყანას დამატებით 100 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა.

ენტონი ბლინკენი დახმარების ლოგისტიკურ ცენტრს ესტუმრა და განაცხადა, რომ სტიქიის შედეგად რთული მდგომარეობაა შექმნილი, თუმცა ზარალის სრული მასშტაბები ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ენტონი ბლინკენის თქმით, აღდგენას დიდი ძალისხმევა დასჭირდება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს უზარმაზარი სოლიდარობა თურქეთის მიმართ.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარება გაეწიოს მათ, ვისაც ეს სჭირდება, რომ ზამთარი გადაიტანოს და ფეხზე დადგეს, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, აშშ აქ არის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თურქ ხალხთან და სირიელ ხალხთან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორების მეშვეობით. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, ვიდრე ყველა საქმეს არ დავასრულებთ. სირიაში დახმარების უზრუნველყოფის კუთხით ძალიან რთული სიტუაციაა. როგორც ვთქვით, ვცდილობთ, მაქსიმალურად გავზარდოთ დახმარება, რომელიც ჩვენ და სხვებს შეგვიძლია, უზრუნველვყოთ. სირიაში ზარალი ძალიან დიდია. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ სირიის მიმართ არსებულმა სანქციებმა ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე გავლენა არ მოახდინოს“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.