მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის დატოვებამდე რამდენიმე საათით ადრე მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა დოკუმენტებზეა საუბარი. დონალდ ტრამპის განმარტებით, მას დოკუმენტების მაქსიმალური რაოდენობის გასაჯაროება სურდა. თუმცა, სპეცსამსახურებთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ მასალების ნაწილი არ გასაჯაროვდება ან მოხდება მათი რედაქტირება.
„აღნიშნული განკარგულებით ვასაჯაროებ საქაღალდეში დარჩენილ მასალებს. ეს გასაჯარებასთან დაკავშირებით ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა და დავავალე გენერალურ პროკურორს, განახორციელოს გამოძების ფედერალური ბიუროს მიერ 17 იანვარს შეთავაზებული რედაქტირება, დააბრუნოს თეთრ სახლში შესაბამისად რედაქტირებული ასლი“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დონალდ ტრამპის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან შესაძლო კავშირის გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებდა.