მედიის ცნობით, დავით არახამიამ ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა
მედიის ცნობით, დავით არახამიამ ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ დავით არახამიას წერილს ნიდერლანდური გამოცემა Nederlands Dagblad-ი აქვეყნებს.

როგორც დავით არახამიას წერილშია აღნიშნული, „მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“.

არახამია წერს, რომ ის აპირებს ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ პარტიასთან, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„ძვირფასო მეგობრებო, მოგმართავთ, როგორც უცხოეთში მოღვაწე ქართველი, ვისაც არასდროს ავიწყდება წინაპართა სამშობლო. არასდროს მავიწყდება, რომ მე და ჩემი მშობლები სწორედ რუსული იმპერიალისტური აგრესიის შედეგად გავხდით იძულებულნი, დაგვეტოვებინა საქართველო და ეს სევდა მუდამ მოგვყვებოდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც დაიწყო და გრძელდება რუსეთის ფართომასშტაბური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, – რომლის ამაყი მოქალაქე და ჯარისკაცი ვარ, – ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი საწყენი სიტყვა და ბრალდება მოვისმინე „საქართველოს ხელისუფლებად“ წოდებული დაჯგუფებისგან, რომელიც სინამდვილეში იმავე აგრესორის ინტერესებს ახორციელებს როგორც თვით საქართველოში, ასევე მოძმე უკრაინის მიმართ. პასუხიც გამიცია, თუმცა უკვე ვგრძნობ და ვხვდები, რომ ეს არ არის საკმარისი.

ჩემმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმა იციან, რას და როგორ ვაკეთებ უკრაინისა და საქართველოსთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო ასევე საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.

კიდევ ერთი მიზეზი ჩემი გადაწყვეტილებისა ის არის, რომ დასავლეთი, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის მოღალატეობრივი პოლიტიკისა, ვალდებულია დაეხმაროს საქართველოს პრორუსული რეჟიმისაგან გათავისუფლებაში ისევე, როგორც ეხმარება უკრაინას რუსული ძალებისგან გათავისუფლებასა და გამარჯვების მოპოვებაში.

მე იოლად, უბრძოლველად არ შევურიგდები არა მხოლოდ უკრაინის ოკუპაციას, არამედ არც საქართველოს ოკუპაციას მოღალატე რეჟიმის ხელით და რუსეთის განახლებულ იმპერიაში მის შეთრევას. რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღეკვეთოს ქართული სისხლის ღვრა და საქართველოს ძირძველი მიწების ოკუპაცია. მათ შორის ჩემი აფხაზეთისა, რომელიც ისევე უნდა გათავისუფლდეს, როგორც მთელი საქართველო და მე, როგორც ერთ ქართველს, უნდა მომეცეს საშუალება ფეხი დავდგა ქართულ მიწაზე იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე – აფხაზეთში!

დარწმუნებული ვარ, ვერავინ ამაში ხელს ვერ შემიშლის. მათ შორის ვერც გენოციდში მონაწილე აფხაზი და ოსი სეპარატისტები! ისინი ისტორიის მტყუან მხარეს დგანან. თუმცა ჯერ კიდევ აქვთ შანსი, გადმოვიდნენ ისტორიის ნათელ და მართალ მხარეს. ამით მოიპოვონ თავისთავადობა, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა და იყვნენ საქართველოს ამაყი მოქალაქეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიულად დაიკარგებიან.

საქართველოს პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობის კონკრეტულ ფორმებზე დამატებით განცხადებას გავაკეთებ უახლოეს მომავალში კოლეგებთან, თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან მოლაპარაკების შემდეგ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. ჩემი გადაწყვეტილებაა ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ პარტიასთან. პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ვფიქრობ, ფართო პარტიული თანამშრომლობით შევიმუშავოთ კანონმდებლობა რუსეთის მოქალაქეების სტატუსის და საქართველოში მათი ქონების შესახებ. ამასთან, ყველაფერს გავაკეთებ სომეხ, აზერბაიჯანელ და ჩრდილო კავკასიელ თანამოძმეებთან ერთად, რათა რუსული იმპერიის ბოგინი დასრულდეს კავკასიაში. რის შემდეგაც უეჭველად დაიწყება საქართველოს აყვავებისა და კეთილდღეობის ეპოქა. თუ ქართული საზოგადოება უარს ეტყვის მოღალატეებს, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ერთდროულად, უმოკლეს ვადაში ერთად აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად შევლენ NATO-ში და შემდგომში ევროკავშირშიც. მტკიცედ მჯერა, თუ ჩვენი საერთო მიზნების რეალიზება მოხდება, ომის დამთავრების შემდეგ, საქართველო უკრაინის პროპორციულად, ათობით მილიარდ დოლარს მიიღებს დამარცხებული რუსეთისაგან რეპარაციების სახით.

საქართველოში გარანტირებულად განხორციელდება დიდი ინფრასტრუქტურული და ინდუსტრიული პროექტები, რომლებიც კეთილდღეობის გარანტიას ჩაუყრის საფუძველს საქართველოში. ამასთან მილიონზე მეტი ემიგრანტი, ასევე ლტოლვილი დაბრუნდება სამშობლოში, მათ შორის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სრული გარანტიის ქვეშ. მე მზად ვარ გავაგრძელო საქმე, რომელიც ჩემმა მეგობარმა, პროპუტინისტური ხელისუფლების მიერ დატყვევებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო საქართველოში ჯერ კიდევ 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“, – ნათქვამია დავით არახამიას სახელით გავრცელებულ წერილში, რომელიც 7 მარტით თარიღდება.