მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სუდანში სროლის ხმა ისმოდა
მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სუდანში სროლის ხმა ისმოდა

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიუხედავად, სუდანში სროლის ხმა ისმოდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სროლა სუდანის დედაქალაქში შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო.

როგორც „ბიბისი“ წერს, შეიარაღებული დაპირისპირება არ შეწყვეტილა სუდანის დედაქალაქში მდებარე ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბბინის გარშემო, რომელიც აეროპორტის სიახლოვეს არის განლაგებული.

სუდანში დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის 24 საათით შეწყვეტის შესახებ დაჭრილების ევაკუაციისათვის და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისთვის შეთანხმდნენ. შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით 18:00-დან ამოქმედდა.

სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

„ბიბისის“ ცნობით, ქალაქში მიმდინარე ბრძოლების გამო 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.