მედიის ცნობით, ბელარუსი ახალ სამხედრო დოქტრინას წარადგენს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად ითვალისწინებს
მედიის ცნობით, ბელარუსი ახალ სამხედრო დოქტრინას წარადგენს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად ითვალისწინებს

ბელარუსი ახალ სამხედრო დოქტრინას წარადგენს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას AP news-ი ბელარუსის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცნობთ ბელარუსის შეხედულებებს ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. არის ახალი განყოფილება, სადაც ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ“, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა ბელარუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

როგორც მედია წერს, დოქტრინა დასამტკიცებლად წარედგინება ბელარუსის სახალხო კრებას, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ბელარუსში პარლამენტის პარალელურად მოქმედებს.

ამასთან, მედიის ცნობით, ბელარუსის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრ ვოლფოვიჩმა განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება მიზნად ისახავს პოლონეთის აგრესიის შეკავებას, რომელიც ნატო-ს წევრია.

„სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლების, კერძოდ, პოლონეთის განცხადებებმა გვაიძულეს, გავაძლიეროთ სამხედრო დოქტრინა“, – განაცხადა ვოლფოვიჩმა.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ერთი თვის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ბირთვული იარაღის ნაწილი უკვე ბელარუსში იყო.