მედიის ცნობით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდეს
მედიის ცნობით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული დრონები ჩამოაგდეს

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში დრონები ჩამოაგდეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, გრანტ შაპსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა ჩამოაგდეს დრონი, რომლის სამიზნეც წითელ ზღვაში მყოფი სავაჭრო გემები იყო.

„უკანონო თავდასხმების ბოლო ტალღა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს წითელ ზღვაში საერთაშორისო ვაჭრობისა და საზღვაო უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნავს შაპსი.

თავის მხრივ, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მიერ გაშვებული 14 დრონი ჩამოაგდეს.

იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ ორ გემზე მიიტანეს იერიში. ამასთან, მათ თავდასხმის მიზეზად დაასახელეს, რომ გემებმა უგულებელყვეს იემენის საზღვაო ძალების განცხადება და ეს იყო პასუხი პალესტინელი ხალხის ჩაგვრაზე ღაზის სექტორში.

მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიამ – Maersk-მა და Hapag-Lloyd-მა განაცხადეს, რომ მათ პარასკევს შეაჩერეს ტვირთების გადაზიდვა წითელი ზღვის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობისთვის. მანამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა არის ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო.