მედიის ცნობით, აშშ-მა თურქეთი გააფრთხილა რუსეთში იმ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის იყენებდეს
მედიის ცნობით, აშშ-მა თურქეთი გააფრთხილა რუსეთში იმ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა, მოსკოვი უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის იყენებდეს

აშშ-მა გააფრთხილა თურქეთი რუსეთში ქიმიური ნივთიერებების, მიკროჩიპებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც მოსკოვი, შესაძლოა, იყენებდეს უკრაინაში თავისი საომარი ძალისხმევისთვის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ვაშინგტონმა, შესაძლოა, ზომებს მიმართოს იმ თურქული კომპანიების, ბანკების დასასჯელად, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევენ.

სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს და პარასკევს თურქეთში იმყოფებოდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებზე მომუშავე განყოფილების ხელმძღვანელი ბრაიან ნელსონი, რომელიც თურქეთის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდების აღკვეთის კუთხით მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ბანკირებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ნელსონმა განაცხადა, რომ რუსეთში წლიური ექსპორტის ზრდა თურქულ კომპანიებს მოწყვლადს ხდის რეპუტაციული და სასანქციო რისკების წინაშე ან „დიდი შვიდეულის“ ბაზრებზე წვდომის დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს. მისი თქმით, თურქულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა თავიდან აიცილონ პოტენციურად ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებული გარიგებები.

როგორც „როიტერს“ აშშ-ის მთავრობაში ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ანკარასა და სტამბოლში გამართული შეხვედრებისას ნელსონმა და სახაზინო დეპარტამენტის დელეგაციამ ხაზი გაუსვეს რუსეთში თურქეთიდან ათობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტს, რაც შეშფოთებას იწვევს.

გამოცემის თანახმად, ნატო-ს წევრი თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ თურქეთში არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა. მედიასაშუალების წყაროს ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა აშშ ფოკუსირებულია მესამე ქვეყნების მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობებზე. სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ანალოგიური გზავნილი ბრაიან ნელსონმა მიმდინარე კვირას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში გაახმოვანა.

„როიტერის“ მასალაში ნათქვამია, რომ რუსეთის საბაჟო მონაცემების მიხედვით,  31 ოქტომბრამდე, შვიდი თვის განმავლობაში, რუსეთში შევიდა 2,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპიუტერები და სხვა ელექტრონული კომპონენტები. ამ პროდუქციიდან, სულ მცირე, 777 მილიონის ღირებულების მასალები დასავლური კომპანიების მიერ იყო წარმოებული, რომელთა ჩიპებიც რუსეთის შეიარაღების სისტემებშია აღმოჩენილი.