მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას გაუწევს
მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლება აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას გაუწევს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკვე აცნობა, რომ მისი ადმინისტრაცია აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარს არ იტყვის.

ინფორმაციას ამერიკული გამოცემა ავრცელებს.

ზოგადად ამ ტიპის დახმარებაზე უარის თქმის საფუძველს „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ ე.წ. სექცია 907 წარმოადგენს, რომლის გადახედვა 2002 წლიდან, ყოველწლიურად ხდება.

ოფიციალური ვაშინგტონი აზერბაიჯანს იმ შემთხვევაში უწევს სამხედრო დახმარებას, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაასაბუთებს, რომ ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს რეგიონში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამწვავებას.

კონგრესისადმი გაკეთებულ გზავნილში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ ამგვარი დახმარება არ შეაფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მოლაპარაკებებს.

როგორც გამოცემა წერს, ზემოხსენებულის მიუხედავად, აშშ-ის სომხური საზოგადოება გმობს ამ გადაწყვეტილებას, მით უფრო ბაიდენის მხრიდან „სომეხთა გენოციდის“ აღიარების ფონზე.

ბლინკენის გზავნილში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და აზერბაიჯანის სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.