მედიის ცნობით, აშშ-ის გეგმით, პალესტინის ახალი სახელმწიფო დაფუძნდება
ისრაელის გამოცემა „ჰაიომმა“ აშშ-ის მიერ შემუშავებული ისრაელ-პალესტინის „საუკუნის შეთანხმების“ პუნქტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. თავად ვაშინგტონი შეთანხმების გასაჯაროებას ივნისში გეგმავს. შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი ისრაელმა, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ და „ჰამასმა“ უნდა მოაწერონ. პალესტინის სახელმწიფო სახელწოდებით „ახალი პალესტინა“ დაფუძნდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში, რომლის შემადგენლობაში დასავლეთ ნაპირზე არსებული ისრაელის დასახლებები არ იქნება.
შეთანხმების მიხედვით, იერუსალიმი არ გაიყოფა ან განაწილდება ისრაელსა და ახალ პალესტინას შორის და ორივე ქვეყნის დედაქალაქი იქნება. იერუსალიმის არაბი მცხოვრებლები ახალი პალესტინის მოქალაქეები იქნებიან. აშშ-ის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო შეთანხმებაში წერია, რომ ებრაელებს არაბების სახლების შეძენა არ შეეძლებათ და ვერც არაბები იყიდიან ებრაელების სახლებს. იერუსალიმისთვის დამატებითი ტერიტორიების მიმატება აღარ მოხდება და წმინდა ადგილების ამჟამინდელი სტატუსი შენარჩუნდება.
შეთანხმების განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ი, ევროკავშირი და სპარსეთის ყურის ნავთობმწარმოებელი ქვეყნები უზრუნველყოფენ. ახალ პალესტინაში პროექტების განსახორციელებლად სპონსორი ქვეყნები 5 წლის განმავლობაში 30 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. აქედან ხარჯების 20 პროცენტი აშშ-ზე, 10 პროცენტი ევროკავშირზე, დანარჩენი კი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მოდის.
გეგმის მიხედვით, ახალ პალესტინას არ შეეძლება არმიის შექმნა, ნებადართული იქნება მხოლოდ მსუბუქი შეიარაღება პოლიციისთვის, საგარეო აგრესიისგან დასაცავად კი ახალი პალესტინა ისრაელს ფულს გადაუხდის.
სამშვიდობო გეგმა ასევე მოიცავს შემდეგ პუნქტებს: „ჰამასი“ შეიარაღებას გადასცემს ეგვიპტეს, ღაზის სექტორის საზღვარი, მათ შორის საზღვაო, გაიხსნება, ერთი წლის განმავლობაში ახალ პალესტინაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, ხუთ წელიწადში ახალ პალესტინაში შეიქმნება საზღვაო პორტები და აეროპორტები, დასავლეთ ნაპირს და ღაზის სექტორს შორის ავტომაგისტრალი აშენდება, რომელსაც ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, კანადა, აშშ და ევროკავშირი დააფინანსებენ.
სამშვიდობო გეგმის თანახმად, თუ პალესტინელები შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ, აშშ-ი ფინანსურ დახმარებას შეწყვეტს და იზრუნებს, რომ არც სხვა ქვეყნებმა გამოყონ დაფინანსება, თუ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ შეთანხმებას ხელს მოაწერს, მაგრამ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ უარს იტყვიან, ისრაელს და ღაზის სექტორს შორის ახალ ომში აშშ ისრაელს დაუჭერს მხარს ამ ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ. თუ ისრაელი იტყვის უარს შეთანხმების ხელმოწერაზე, აშშ-ი ყველა სახის ფინანსურ დახმარებას შეწყვეტს.