მედიის ცნობით, აშშ დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებას აპირებს. ამის შესახებ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და საერთაშორისო ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი ამის შესახებ ნიუ იორკის დროით 17:00 საათზე ოფიციალურად განაცხადებენ.
სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საერთაშორისო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭომ ოფიციალური ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. გაერო-მ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ოჯახების განცალკევება დაგმო.
ინფორმაცია დაადასტურა Reuters-მაც. საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები დიპლომატებთან საბჭოს რეფორმის შესახებ მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა მათ შეთანხმება ვერ მოახერხეს.
Washington Post-ი და კიდევ რამდენიმე გამოცემა კი აშშ-ის მიერ გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს დატოვების მიზეზად ისრაელის საკითხთან დაკავშირებით არსებულ განსხვავებულ შეხედულებებს ასახელებს.
როგორც დასავლური მედია იუწყება, აშშ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. მას წინ უძღოდა მხარეებს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებები ნიუ იორკსა და ჟენევაში, სადაც გაერო-ს ადამიანთა უფლებების საბჭოს შტაბბინა მდებარეობს.
გაერო-ში კი აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან საბჭოს დატოვების გადაწყვეტილების შესახებ რაიმე სახის შეტყობინება ჯერჯერობით არ მიუღიათ.