არასრულფასოვანი კვების გამო ღაზის საავადმყოფოებში გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციას კი, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა
არასრულფასოვანი კვების გამო ღაზის საავადმყოფოებში გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციას კი, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვალების ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, შიმშილით გამოწვეული გარდაცვალების საერთო რაოდენობა 197-მდე გაიზარდა, მათ შორის 96 ბავშვია.

არაბული მედიის თანახმად, გაერო-მ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადა 100-ზე მეტი ნაადრევად დაბადებული ბავშვის სიცოცხლეს „გარდაუვალ საფრთხეში“ აყენებს, რადგან საწვავის ნაკლებობა საავადმყოფოებში „სიცოცხლის გადარჩენის“ ოპერაციებს აფერხებს.

არაბული მედია ასევე წერს, რომ დღეს არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 98 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 51 დახმარების მაძიებელი.