მედიის ცნობით, ამსტერდამში, ღაზაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო აქციაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
მედიის ცნობით, ამსტერდამში, ღაზაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო აქციაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

ამსტერდამში, ღაზაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო აქციაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ნიდერლანდების მთავრობას ისრაელის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს.

ორგანიზატორთა შეფასებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 250 000 ადამიანი მონაწილეობდა.

მათი განცხადებით, ნიდერლანდების მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ისრაელის მიერ ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენის შესაჩერებლად. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინის დროშები და პლაკატები წარწერით „თავისუფალი პალესტინა“ და „ისრაელო, გრცხვენოდეს“.

როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყანაში მაისში გამართული მასშტაბური პრო-პალესტინური აქციის შემდეგ ნიდერლანდების მთავრობამ ეტაპობრივად შეცვალა თავისი პოზიცია ისრაელის მიმართ და ივლისში ისრაელის კაბინეტის ორ ულტრამემარჯვენე მინისტრს მოგზაურობის აკრძალვა დაუწესა.

თუმცა გამოცემა წერს, რომ ამავდროულად, ნიდერლანდების პარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის ლიდერმა, პოპულისტმა გეერტ ვილდერსმა, ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერის შესახებ არაერთხელ განაცხადა.