მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი“ ოთხი გამარჯვებული ჰყავს
მედიაწიგნიერების კონკურსს - „ნამდვილი თუ მოგონილი“ ოთხი გამარჯვებული ჰყავს

დღეს მედიაწიგნიერების კონკურსის – „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნამუშევრების პრეზენტაცია და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსს, რომელიც მოზარდებში  მედიაწიგნიერების – კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად,  ოთხი გამარჯვებული ჰყავს. კონკურსში მონაწილეობა 20-მდე, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა.

კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და  „მედიააკადემიამ“ განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  თანამშრომლობით გამართა.

კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს ქართულ მედიასივრცეში  (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – fake new უნდა აღმოეჩინათ, რომელიც  საქართველოში მომხდარ ამბავს ეხებოდა და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები, ამბავი.

კონკურსი 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით გამოცხადდა, მოგვიანებით კი, საკონკურსო დრო ერთი კვირით, 21 ივნისამდე გაგრძელდა.  ჟიურის წევრებმა კონკურსის ფარგლებში, ოთხi საუკეთესო ნაშრომი გამოავლინეს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, დაჯილდოების ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავად გააკეთეს საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია და კომუნიკაციების კომისიისგან პრიზები მიიღეს.

უწყების ცნობით, კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პირველ ადგილზე გავიდა ლაშა ქურდაძე, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რომელმაც კონკურსის ფარგლებში, გამოავლინა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მართვის მოწმობის აღების ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ.

„საქმე ეხებოდა მტკიცებით ფორმაში ხმაურიანი სათაურებით გავრცელებულ ახალ ამბებს – „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს“, „მართვის მოწმობას 17 წლიდან ვეღარავინ აიღებს – მინიმალური ასაკის ზღვარი იცვლება“, რომლებმაც შეცდომაში შეიყვანა სოციალური ქსელების მომხმარებლები. მოქალაქეები თავად გახდნენ, როგორც ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი, ისე ამ ინფორმაციის  გავრცელების წყარო სოციალურ ქსელებში. ლაშა ქურდაძემ ამ ინფორმაციის გადამოწმების და ნამდვილი ამბის დადგენის მიზნით, თავად მიმართა პირველწყაროს – შსს-ის მომსახურების სააგენტოს და ფაქტებით დაადასტურა, რომ აღნიშნული ამბავი ეხებოდა საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, განხილვას ექვემდებარება და საბოლოო ფორმულირებები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განსაზღვრული. ამასთან, ლაშა ქურდაძე საკმაოდ შემოქმედებითად მიუდგა საკითხს, შეარჩია მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მას და მის თანატოლებს ეხება, კრიტიკულად შეაფასა ინფორმაცია, საკუთარი ნამუშევარი ვიდეოს სახით წარმოადგინა და ჟიურის წევრებისგან უმაღლესი შეფასება და პრიზის სახით MacBook Pro მიიღო“, – აღნიშნულია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეორე ადგილზე გავიდა ილია სადღობელაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის მე-11 კლასის მოსწავლე.

მისი საკონკურსო ნაშრომი ეხებოდა ქართულ მედიაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარების შესახებ სათაურით – „მალე საქართველო ახლანდელ საოკუპაციო ხაზს სახელმწიფო საზღვრად აღიარებს“.  ილიამ საკუთარ ნაშრომში მკაფიოდ წარმოაჩინა ყალბი ინფორმაციის დამახასიათებელი ფაქტორები – ინფორმაცია არ ეფუძნებოდა სანდო წყაროს, არამედ ერთ-ერთი ფეისფუქ-მომხმარებლის პოსტს და ასევე, მასში მოყვანილი იყო ძველი ამბები. მან ლოგიკურად დაუკავშირა ყველა ეს ფაქტორი ერთმანეთს და ნამდვილი ამბის დასამტკიცებლად, მოიძია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის თაობაზე. ილია სადღობელაშვილის ნაშრომმა, რომელიც ასევე შემოქმედებითი და ინფორმაციული ვიდეოს ფორმატით იყო წარმოდგენილი, ჟიურის წევრებისგან მაღალი შეფასება მიიღო, მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავა და საჩუქრად გადაეცა iPhone XS“, – ნათქვამია კომუნიაკციების კომისიის ინფორმაციაში.

კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა რუბენ გულასარიანი, 96-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თბილისიდან. მის საკონკურსო ნაშრომში გამოვლენილია ვირუსულად გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, თითქოს სომხური წარმოშობის „ფეისბუქის“ გვერდი ქართულ ნაციონალურ კერძს ისაკუთრებს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კონკურსანტმა შეადარა ერთმანეთს ინფორმაციის გავრცელების წყაროს „ფეისბუქ“ გვერდისა და პოპულარული სომხური გვერდის მთავარი ფოტოები, ასევე ყურადღება მიაქცია ინფორმაციის გავრცელების, ფოტოს ატვირთვის და წყაროს მიერ დასახელებულ თითქოსდა, ინფორმაციის მიღების  დროს, სადაც აღმოაჩინა უზუსტობები. მის მიერ ამ ამბის ასე კრიტიკულად შეფასება, ფაქტების ფოტო-მასალით გამყარება და შემოქმედებითად საპრეზენტაციო ფორმატით წარდგენა გახდა საფუძველი ჟიურის წევრებისთვის რუბენ გულასარიანისთვის მესამე საპრიზო ადგილი მიენიჭებინათ. მას პრიზის სახით iPad Pro + Apple Pencil ერგო.

ამასთან, ჟიურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზის კატეგორიაში გაიმარჯვა დავით აბზიანიძემ, ქუთაისის მე-20 საჯაროს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, რომლის საკონკურსო ნაშრომიც ეხებოდა ისეთ ხშირად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, როგორიცაა სამყაროს აღსასრულის კონკრეტული თარიღი.

„ აღსანიშნავია, რომ დავითის მიერ წარმოდგენილმა ნამუშევარმა პირდაპირ ვერ დააკმაყოფილა კონკურსის პირობები, თუმცა მას იმდენად კრეატიულად, სახალისოდ და ოსტატურად ჰქონდა წარმოჩენილი ყალბი ინფორმაციის ამოცნობის, მისი გადამოწმების და ნამდვილი ამბის დადგენის გზები და ამასთან, ეს ყველაფერი თავადვე ყალბი ამბების მეშვეობით გააკეთა, რომ ჟიურის წევრებმა მას სპეციალური პრიზი „კრეატიული და სახალისო ნაშრომისთვის“ გადასცეს. დავით აბზიანიძე ორი კვირით „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისის“ საზაფხულო სკოლაში წავა“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

კომუნიკაციების კომისია მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, 2019 წელს განათლების სამინისტროსთან ერთად ხუთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ჟიურის წევრები იყვნენ – საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ივანიშვილი; აიიპმედიააკადემიისმედიასკოლის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი სანდრო ასათიანი; მედიაექსპერტი შორენა შავერდაშვილი; მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილი.

დატოვე კომენტარი