მედიააკადემიამ ონლაინ მასტერკლასი დაიწყო
მედიააკადემიამ ონლაინ მასტერკლასი დაიწყო

ამბის თხრობა, ინტერვიუს მომზადება, კითხვის დასმის ტექნიკა, ფოტოამბის გადაღება, გადასაღებ მოედანსა და სტუდიაში მუშაობა – მედიააკადემიამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის პირველი ონლაინ მასტერკლასი დაიწყო.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ეს არის ექსკლუზიური პროექტი ქართულ მედიასივრცეში, მათთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს, ვინც ამ პროფესიაზე ფიქრობს, ან უბრალოდ უნდა გაიგოს, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.

მედიააკადემია დაინტერესებულ პირებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ონლაინ ლექციებით ისწავლონ ყველაფერი, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება.

ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი მაყურებელს გაუზიარებენ მრავალწლიან გამოცდილებას და შესთავაზებენ ექსკლუზიურ სალექციო კურსებს, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. მასტერკლასის თითოეული ონლაინ კურსი შედგება 10-მდე ვიდეო ლექციისგან, თითო ლექცია კი მაქსიმუმ 10-12 წუთს გრძელდება.

ეს არ არის თეორიაზე დაფუძნებული სწავლება, ავტორები საკუთარი საუკეთესო პრაქტიკით გიყვებიან და გაძლევენ საშუალებას შეიხედოთ კულისებში, უშუალოდ მათგან მოისმინოთ ის, რაც ეთერში არასოდეს ჩანს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ხარისხიანი მედიაპროდუქტის მოსამზადებლად“,- აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მათივე ცნობით, მასტერკლასი განსხვავებულია იმითაც, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა ონლაინ ლექციებზე, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ, სად სწავლობ და როგორია შენი გრაფიკი.

„ეს არის მომხმარებელზე მორგებული პლატფორმა, რომელსაც უსმენ და უყურებ შენთვის ხელსაყრელ დროს.

მასტერკლასის კონტენტი მედიააკადემიის იუთუბარხზეა განთავსებული.

ონლაინ მასტერკლასი ახალი ავტორებით მომავალშიც გაგრძელდება. მედიააკადემიას დაგეგმილი აქვს არაერთი საინტერესო ავტორის მიწვევა, რათა კურსი იყოს მრავალფეროვანი და საინტერესო ფართო აუდიტორიისთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.