მედია - „უორნერ ბრაზერსს“, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპთან დაახლოებული ოჯახის კომპანია „პარამაუნტი“ შეიძენს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „სიენენის“ მომავალს
მედია - „უორნერ ბრაზერსს“, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპთან დაახლოებული ოჯახის კომპანია „პარამაუნტი“ შეიძენს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „სიენენის“ მომავალს

„უორნერ ბრაზერსს“, სავარაუდოდ, ტრამპთან დაახლოებული ოჯახის კომპანია „პარამაუნტი“ შეიძენს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტელეკომპანია „სიენენის“ მომავალს.

სტრიმინგ სერვისმა, „ნეთფლიქსმა“ უარი თქვა „უორნერ ბრაზერსის“ შესაძენად შეთავაზებულზე მეტი ფასის გადახდაზე. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას, სავარაუდოდ, „პარამაუნტ სქიადენსი“ შეისყიდის, რომელიც „უორნერ ბრაზერსს“ ერთ აქციაში 31 დოლარის გადახდას სთავაზობს. ამრიგად, „უორნერ ბრაზერსის“ შეძენა „პარამაუნტს“ 108 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

ცნობისთვის, „უორნერ ბრაზერსი“ ფლობს ჰოლივუდში ბოლო 100 წლის განმავლობაში გადაღებული ფილმების არქივს, ასევე მას ეკუთვნის პრესტიჟული სატელევიზიო სტრიმინგ სერვისი „ეიჩ ბი ოუ მაქსი“.

კონგლომერატ „პარამაუნტ სქაიდენსს“, რომელიც „უორნერ ბრაზერსს“ შეიძენს, ფლობს ელისონების ოჯახი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთანაა დაახლოებული.

მარეგულირებლები ამ გარიგებას თუ დაამტკიცებენ, „პარამაუნტის“ მფლობელობაში გადავა „ეიჩ ბი ოუ მაქსი“, ტელეკომპანია „სიენენი“, „ფუდ ნეთვორქი“ და სპორტული სერვისების ნაწილი.

გარიგება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ტელეკომპანია „სიენენის“ მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც ტრამპი, დიდი ხანია, აკრიტიკებს. ტრამპმა არხის მენეჯმენტს კორუმპირებული და არაკომპეტენტური უწოდა.

„პარამაუნტის“ მიერ „უორნერ ბრაზერსის“ შესყიდვის დამტკიცებას დასჭირდება როგორც აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა, სადაც ხელმძღვანელ თანამდებობებს ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იკავებენ, ასევე კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანხმობაც, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ „უორნერ ბრაზერსის“ ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამასთან ერთად, გარიგება უნდა დაამტკიცონ ევროპულმა მარეგულირებლებმაც.