მედია - უკრაინაში აღიარეს, რომ სევასტოპოლზე უპილოტო აპარატებით თავდასხმა მოაწყვეს, თუმცა უარყვეს მოსკოვის ბრალდება მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების პირობების დარღვევაზე
მედია - უკრაინაში აღიარეს, რომ სევასტოპოლზე უპილოტო აპარატებით თავდასხმა მოაწყვეს, თუმცა უარყვეს მოსკოვის ბრალდება მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების პირობების დარღვევაზე

უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლზე უპილოტო აპარატებით თავდასხმა მათ მოაწყვეს, თუმცა უარყვეს მოსკოვის ბრალდება, რომ მათ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების პირობები დაარღვიეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.

„უკანასკნელი მოვლენები ყირიმში ეხებოდა უშუალოდ სამხედრო ობიექტებს და არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული მარცვლეულის შეთანხმებასთან, რაც მოიცავს უკრაინის პორტებს და სამოქალაქო პორტებს“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სევასტოპოლზე საზღვაო უპილოტო აპარატებით თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 24 აპრილს გახდა ცნობილი. რუსეთში ამტკიცებენ, რომ შავი ზღვის ფლოტზე იერიში მოიგერიეს. ამასთან, მოსკოვმა აღნიშნული თავდასხმის გამო კიევი შავი ზღვის გავლით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.