მედია - ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ამ კვირაში ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერი გასცეს
მედია - ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ამ კვირაში ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერი გასცეს

ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ამ კვირაში ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და ისრაელის არმიის შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერი გასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალება წერს, რომ აშშ ბოლო დიპლომატიური ძალისხმევის თანამონაწილეა, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ არ გასცეს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერი.

ისრაელის მედიის თანახმად, ნეთანიაჰუ „უჩვეულო სტრესის ქვეშ იმყოფება“ ჰააგის გაერო-ს ტრიბუნალის მიერ მისი და სხვა ისრაელელების წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის პერსპექტივის გამო, რაც ისრაელის საერთაშორისო სტატუსის მნიშვნელოვან გაუარესებას გამოიწვევს. გავრცელებული ცნობით, ბენიამინ ნეთნიაჰუ ტელეფონით მუდმივ კონტაქტზეა, განსაკუთრებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომ დაკავების ორდერი არ გამოიცეს.

აშშ და ისრაელი არ არიან 124 ქვეყანას შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს. ომის შესახებ ნეთანიაჰუს ბოლო საჯარო განცხადებაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მომავალი გადაწყვეტილებები შეიძლება გახდეს „საშიში პრეცედენტი“.