მედია - გერმანიის ფინანსთა მინისტრი რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია
მედია - გერმანიის ფინანსთა მინისტრი რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია

გერმანიის ფინანსთა მინისტრი რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია. „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ კრისტიან ლინდნერმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

კრისტიან ლინდნერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უპრეცედენტოა და აღნიშნულმა სანქციებმა უნდა დაარტყას პუტინის რეჟიმს, ხოლო არ უნდა შეუქმნას საფრთხე გერმანიის სტაბილურობას.

მინისტრის განმარტებით, ომი უკრაინაში ყველას აღარიბებს, რადგან უწევთ მეტის გადახდა იმპორტირებულ ენერგორესურსებზე.

„კეთილდღეობის ამ დანაკარგს სახელმწიფოც კი ვერ აანაზღაურებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევამსუბუქოთ ყველაზე დიდი რყევა და ამას ვაკეთებთ. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც დახმარებას საჭიროებს და უზრუნველვყოფთ საფრთხის ქვეშ მყოფი კომპანიების არსებობას, მაგრამ რადგან დაფინანსება შეზღუდულია, ეს ზომები შეიძლება, მხოლოდ დროებითი იყოს“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.