მეცნიერებმა იტალიაში გამოავლინეს პატარა სოფელი, სადაც ქალები განსაკუთრებით დიდხანს ცოცხლობენ — #1tvმეცნიერება

12:58, 09.10.2026

კუნძულ სარდინიის შუაგულში მდებარე მთიან სოფელში რაღაც ძალიან განსაკუთრებული ხდება.

20 წლის წინ, ამავე კუნძულზე მეცნიერებმა გამოავლინეს მსოფლიოში პირველი ე. წ. ლურჯი ზონა — გეოგრაფიული კლასტერი სარდინიაზე, სადაც ადამიანები „უკიდურეს დღეგრძელობას“ ავლენენ.

ამჯერად, პატარა ქალაქ ბოლოტანაში, თავდაპირველი ლურჯი ზონიდან დაახლოებით 110 კილომეტრით დასავლეთით, მკვლევრებმა სავარაუდოდ იპოვეს განსაკუთრებული დღეგრძელობის კიდევ ერთი ადგილი.

ჟურნალ Frontiers in Aging-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებას იმისა, რომ ბოლოტანაში, განსაკუთრებით ქალები, გამოირჩევიან უკიდურესად ხანგრძლივი სიცოცხლით.

ანალიზებზე დაყრდნობით, რომელშიც 2021–2025 წლების დემოგრაფიული მონაცემები გამოიყენეს, ბოლოტანაში მცხოვრები საშუალო სტატისტიკური 70 წლის ქალის დარჩენილი სიცოცხლის ხანგრძლივობა 20,85 წელია; ნუოროს პროვინციაში (სადაც ბოლოტანა მდებარეობს) ეს მაჩვენებელი 18,61 წელია, ზოგადად სარდინიაზე 18,4 წელი, იტალიაში კი 18,06 წელი.

კიდევ უფრო საოცარი ისაა, რომ ბოლოტანაში მცხოვრები 70 წლის ქალის ალბათობა, რომ 100 წლის ასაკს მიაღწიოს, არის 13,83 პროცენტი; ნუოროს პროვინციაში ამის შანსი 4,33 პროცენტია, სარდინიაზე 4,43 პროცენტი და იტალიაში 3,54 პროცენტი.

საერთაშორისო კონტექსტში რომ მოვაქციოთ, მკვლევრები ამბობენ, რომ ბოლოტანაში მცხოვრები 70 წლის ქალის ალბათობა, რომ 100 წლის ასაკს მიაღწიოს, სამჯერ მაღალია, ვიდრე აშშ-ში.

ბოლოტანელი ქალების შემთხვევაში, 70 წლის ასაკიდან მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და 100 წლამდე მიღწევის მაჩვენებლები მათ დღეგრძელობის პერსპექტივებს მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით მაღალ დონეზე აყენებს — ჩამორჩებიან მხოლოდ ჰონგ-კონგს.

„ვფიქრობთ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დღეგრძელი ქალების პოპულაცია. თუ შევძლებთ ამ დღეგრძელობის მიღმა არსებულ მახასიათებელთა გამოვლენას და ადამიანებს მათ ათვისებაში დავეხმარებით, დანარჩენ მსოფლიოს შეუძლია სარგებელი მიიღოს იმ ღირებულებების გააზრებით, რომლებსაც ეს საზოგადოებები იზიარებს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ილინოისის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ჯეი ოლშანსკი.

შედარებისათვის — ბოლოტანაში კაცებიც დიდხანს ცოცხლობენ, მაგრამ არ აღენიშნებათ ასეთი განსაკუთრებული დღეგრძელობა.

ბოლოტანაში მცხოვრებ 70 წლის კაცს მაინც ოდნავ მაღალი აქვს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (16,02 წელი), ვიდრე საშუალო სტატისტიკურ იტალიელს (15,48 წელი).

მიუხედავად ამისა, 70 წლის ასაკში შანსი იმისა, რომ 100 წლამდე იცოცხლონ, მაინც მკვეთრად მეტია, ვიდრე ამავე ქალაქის კაცების — სავარაუდო ალბათობა 4,92 პროცენტი, ანუ სამჯერ მაღალი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი (1,41 პროცენტი).

ამ კვლევის აუცილებელი შეზღუდვა, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ ბოლოტანას მცირე მოსახლეობის გამო, ანალიზის პასუხები ძლიერ მგრძნობიარეა შესწავლილი წლებისადმი.

როცა ჯგუფმა ფოკუსი 2015–2019 წლებზე გადაიტანა, 100 წლამდე მიღწევის შანსი ქალებში სულ რაღაც 1,46 პროცენტი იყო, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე 2021–2025 წლების მაჩვენებელი — 13,83 პროცენტი. თუმცა, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 70 წლის ასაკში ეროვნულ საშუალო მაჩვენებელზე მაინც მაღალი იყო, 18,3 წელი.

ბოლოტანაში მკვლევართა ყურადღება თავდაპირველად მიიქცია 100 წელს გადაცილებულთა უჩვეულოდ მაღალმა რაოდენობამ (რომლებიც ადგილობრივ ვებგვერდზეც არიან წარმოჩენილი), თუმცა, იყო სხვა ფაქტორებიც.

„ბოლოტანა გამორჩეულია იმით, რომ აქვს საოცარი ისტორიული ჩანაწერი, რომელიც დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტ თარიღთა შეფასების საშუალებას გვაძლევს. მუნიციპალური და ნათლობის ჩანაწერები საუკუნეებს მოიცავს და ასაკების დამოუკიდებლად შეფასების საშუალებას იძლევა. შეგვიძლია ვნახოთ ყოველი ადამიანი, ვინც ას წელიწადზე დიდხანს იცოცხლა“, — ამბობს ოლშანსკი.

უცნობია, რა განაპირობებს ბოლოტანელი ქალების ასე დიდხანს სიცოცხლეს; მკვლევრები აცნობიერებენ, რომ ეს მათი დემოგრაფიული ანალიზების მასშტაბს მიღმაა, მაგრამ ამბობენ, რომ მომავალში ინდივიდუალური დონის კვლევებმა შეიძლება შეისწავლოს პოტენციური ბიოლოგიური, ქცევითი და სოციალური წვლილი.

„ამაში წვლილი შეიძლება რამდენიმე მექანიზმს შეჰქონდეს. მათ შორის გენეტიკურ წარსულს, კვებით მახასიათებლებს, ფიზიკურ აქტივობას, ოჯახურ მხარდაჭერას, სოციალურ კავშირს, მუდმივად ერთ ადგილზე ცხოვრებას და ზრუნვაზე ხელმისაწვდომობას“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

გარკვეულ როლს შეიძლება ასრულებდეს ქალაქის გარემოც. ოშლანსკი აღნიშნავს, რომ მოსახლეობა ციცაბო, ბორცვიან რელიეფზე ცხოვრობს, სადაც საკვების უმეტესი ნაწილი ადგილზე მოჰყავთ, სოციალური იზოლაცია კი იშვიათია.

„იქ მჭიდროდ შეკრული საზოგადოებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ. ძირითადად ფეხით დადიან და არა ტრანსპორტით“, — აღნიშნავს ოშლანსკი.

თუ რამდენად უწყობს ხელს ეს ფაქტორები, მომავალი კვლევებით უნდა დადასტურდეს, მაგრამ ახლა, როცა ბოლტანა უკვე იდენტიფიცირებულია, მეცნიერებს კარგი შანსი აქვთ, რომ მას ყურადღება მიაქციონ, მით უმეტეს, რომ კვლევის შედეგები ბოლოტანას ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე „ლურჯი ზონის“ კანდიდატა“ განიხილავს.

„ვიცით, რომ ბოლოტანაში რაღაც განსაკუთრებული ხდება. შემდეგი ნაბიჯია იმის გაგება, რატომაა ასე და შეუძლია თუ არა ამ გამოცდილებას, დაეხმაროს სხვა ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს, იცხოვრონ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, დღეგრძელობის მკვლევარი დენ ბიუტნერი.

კვლევა Frontiers in Aging-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია bluezones.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი