მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მსოფლიოში დიაბეტის დაავადების ყოველი მე-7 შემთხვევა ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მსოფლიოში დიაბეტის დაავადების ყოველი მე-7 შემთხვევა ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება

მსოფლიოში დიაბეტის დაავადების ყოველი მეშვიდე შემთხვევა ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერები, რომელთა კვლევა ყოველთვიურ სამედიცინო ჟურნალში, The Lancet-ში გამოქვეყნდა.

„გარემოს, კერძოდ, ჰაერის დაბინძურებამ 2016 წელს გამოიწვია დიაბეტის 3,2 მილიონი შემთხვევა, რაც მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობის 14%-ს შეადგენს“, – ნათქვამია სტატიაში.

კერძოდ, მეცნიერების დასკვნით, დაბინძურებული ჰაერი პანკრეასის ფუნქციონირებას აფერხებს, რის შედეგადაც მცირდება ორგანიზმისთვის აუცილებელი ინსულინის გამოყოფა.

„ჩვენმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და დიაბეტის განვითარებას შორის“, -აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი ზიად ალ-ალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებულ ზრდასრულთა რიცხვი 422 მილიონს შეადგენს, 1980 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 108 მილიონს შეადგენდა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დიაბეტის გამომწვევ მთავარ ფაქტორებს შორისაა ჭარბწონიანობა, ვარჯიშის ნაკლებობა და გენეტიკური რისკი.