მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში ყოველ მეოთხე მოზარდს სმარტფონზე დამოკიდებულება აღენიშნება
მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში ყოველ მეოთხე მოზარდს სმარტფონზე დამოკიდებულება აღენიშნება

მსოფლიოში ყოველ მეოთხე მოზარდს სმარტფონზე დამოკიდებულება აღენიშნება. საგანგაშო დასკვნამდე ლონდონის უნივერსიტეტის „კინგზ კოლეჯის“ მკვლევრები მივიდნენ. მეცნიერების დასკვნით, მსგავსი დამოკიდებულება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დამღუპველია.

მკვლევრების თქმით, სმარტფონზე დამოკიდებულ მოზარდებს ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყებათ, როდესაც მათ სმარტფონი არ აქვთ. მათი გაღიზიანება იოლია და ხშირად ვარდებიან პანიკაში. ამას გარდა, ისინი ვერ აკონტროლებენ მობილური ტელეფონის ეკრანთან გატარებულ დროს.

მეცნიერების დასკვნითვე, სმარტფონის უკონტროლო გამოყენება მოზარდებში სტრესს და დეპრესიულ აშლილობას იწვევს. ასევე ხშირია უძილობა, რაც მოზარდების სწავლის ხარისხზე აისახება.

სამეცნიერო გამოცემა „ბი-ემ-სი ფსიქიატრიში“ გამოქვეყნებული სტატიაში გაანალიზებულია 41 კვლევის შედეგები, რომელშიც საერთო ჯამში 42 ათასი მოზარდი მონაწილეობდა.

მოზარდთა 23%-ს სმარტფონზე დამოკიდებულება დაუდგინეს. ამასთან, 17-19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ამ დამოკიდებულების მსხვერპლი უფრო ხშირად გოგონები ხდებიან. ისინი უფრო მეტად არიან დამოკიდებულები სოციალურ ქსელებზე, ხოლო ბიჭებს ძირითადად კომპიუტერული თამაშები იტაცებთ.

გარდა ამისა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სმარტფონებზე დამოკიდებული მოზარდები უფრო ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლს, ეწევიან და სპონტანურ, გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

მეცნიერების თქმით, მოზარდების ფსიქიკა უფრო ფაქიზია, შესაბამისად, სმარტფონზე დამოკიდებულება შეიძლება სავალალოდ აისახოს მათ ცხოვრებაზე.

ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სმარტფონზე დამოკიდებულების შეფასების მეთოდების შემუშავება, რათა თავიდან იყოს აცილებული ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების გრძევადიანი უარყოფითი შედეგები და ფსიქიკური აშლილობის გავრცელება.