მეცხვარიშვილის ორმაგი დუბლი და 15 ქულა - NCAA-ში ოთხმა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT
მეცხვარიშვილის ორმაგი დუბლი და 15 ქულა - NCAA-ში ოთხმა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგა NBA-ის პარალელურად მიმდინარეობს და გუნდებმა დღეს, 14 იანვარს, გამთენიისას შეხვედრები გამართეს. NCAA-ში დღევანდელ სათამაშო დღეს ოთხმა ქართველმა გამოიჩინა თავი.

ნიკა მეცხვარიშვილის „ლუიზიანა მონრო“ „ტექსას სთეითს“ დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 56-80 დამარცხდა. მიუხედავად ამ ანგარიშისა, ქართველი კალათბურთელი კარგად გამოიყურებოდა და 29 წუთში ორმაგი დუბლის გაფორმებაც მოახერხა. მან 15 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 ჩაჭრა დააგროვა. მეცხვარიშვილმა 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ქულების მხრივ ის თავის გუნდში რასელ ჰარისონთან ერთად საუკეთესო იყო. ნიკამ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 4-ჯერ დაჯარიმდა.

თავისი შეხვედრა გამართა ალექს მერკვილაძის „ლოიოლა მერიმაუნტმა“, რომელიც „სან ფრანცისკოს“ შეხვდა და 73-97 დამარცხდა. 19 წლის კალათბურთელმა 20 წუთში 5 ქულის, 6 მოხსნისა (1 შეტევაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. მან 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 ერთქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი 3-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. მერკვილაძემ ამ დროის განმავლობაში ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მინიმალური სხვაობით დამარცხდა ვილი ისიანის „დეტროიტ მერსი“, რომელიც „ფორტ ვეინს“ ეთამაშა. ისიანი სასტარტოში იყო და 32 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა (1 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ დაჯარიმდა.

ასევე დამარცხდა ცოტნე ცარციძის „ნორზ დაკოტა“. 21 წლის კალათბურთელის გუნდმა შეხვედრა „ვესტერნ ილინოისთან“ ანგარიშით 68-73 დათმო. ცარციძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 21 წუთი ითამაშა. მან 7 ქულა, 13 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.