მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პროცედურებზე ბათუმის მერიაში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება
მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პროცედურებზე ბათუმის მერიაში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება

ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პროცედურებთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა 21 ივნისს, 10:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე მზადყოფნისა და მუსლიმი თემისთვის კონკრეტული წინადადების შეთავაზების შესახებ მერიის წარმომადგენელმა დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა. შესაბამისად, პროცესი უკვე მეოთხედ გადაიდო.

მერიის მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობას იურისტები და ცალკეული სამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ. შეხვედრის თარიღად მერიამ თავდაპირველად 8 ივლისი დაასახელა, თუმცა მოსამართლის შუამდგომლობით თარიღი უწყებამ თითქმის ორი კვირით გადმოსწია, რასაც მუსლიმი თემის ინტერესების დამცველებიც დაეთანხმნენ და სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ გადაიდო. 8 ივლისს კი მუსლიმ თემს თავად ბათუმის მერი შეხვდება.

„თქვენ 10 დღეში გექნებათ შესაძლებლობა, გაიგოთ მერიის საბოლოო პოზიცია. მგონი, მისაღები დროა. თუ თქვენთვის მისაღები პასუხი ვერ მოისმინეთ, შეგიძლიათ აცნობოთ სასამართლოს და მაქსიმალურად მოკლე დროში ჩაინიშნება სასამართლო. 21 ივლისს მოისმენთ მერიის პოზიციას და მორიგების შემთხვევაში, შეწყდება საქმის არსებითი განხილვა. თუ ვერ შედგა შეთანხმება, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ რეზოლუციის მისაღებად ერთი თვეა საჭირო, ჩვენ, სასამართლო ამ დროს თქვენს სასარგებლოდ შევამცირებთ“, – მიმართა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

პროცესების რამდენჯერმე გადადების გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ იმ მოტივით მიიღო, რომ მხარეებისთვის დავის მორიგებით მოგვარება უკეთესი გამოსავალი იქნებოდა და მათ დრო მისცა, თუმცა მერიამ ბოლო სხდომამდე შეხვედრის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.

მუსლიმი თემი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს. მათ მიწის ნაკვეთიც შეიძინეს, თუმცა მერიამ პირველივე ეტაპზე მუსლიმ თემს ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა, რაც მათ სასამართლოში გაასაჩივრეს. საქმის განხილვა ორი წელია, მიმდინარეობს.